ჯავშნისა და გადახდის პირობები
ბოლოს განახლდა
ამ გვერდზე
მოკლედ
- მოთხოვნის გაგზავნიდან ადგილს 24 საათით შეგინახავთ.
- თუ ლაშქრობამდე სულ მცირე 3 დღით ადრე გააუქმებ, თანხას სრულად დაგიბრუნებთ.
- ჩვენი მხრიდან გაუქმებისას: თანხას სრულად დაგიბრუნებთ, ან ადგილს სხვა ლაშქრობაზე გადაგიტანთ.
როგორ ჯავშნი ადგილს
- ლაშქრობის გვერდზე დააჭირე „დაჯავშნე ადგილი“ და შეავსე ფორმა: სახელი, ტელეფონი და ადგილების რაოდენობა.
- გაგზავნის შემდეგ ეკრანზე დაგხვდება ჯავშნის ნომერი, თანხა და საბანკო ანგარიში. თუ ელფოსტა მიუთითე, იგივეს წერილითაც გამოგიგზავნით.
- გადმორიცხე თანხა და დანიშნულებაში ჩაწერე მხოლოდ ჯავშნის ნომერი.
- როცა გადარიცხვას ბანკის ამონაწერში ვნახავთ, ნატა ადგილს დაგიდასტურებს. გადარიცხვას ხელით ვამოწმებთ, ამიტომ დადასტურებას ცოტა დრო შეიძლება დასჭირდეს.
თუ ლაშქრობა შევსებულია, ჩაიწერე სარეზერვო სიაში. ამ დროს არაფერს იხდი — ადგილი თუ გათავისუფლდება, მოგწერთ.
რამდენ ხანს შეგინახავთ ადგილს
მოთხოვნის გაგზავნიდან ადგილს 24 საათით შეგინახავთ. თუ ამ დროში გადარიცხვა არ მოვიდა, ადგილი თავისუფლდება და მას სხვა დაიკავებს. თუ ლაშქრობამდე ერთ დღეზე ნაკლები რჩება, გადმორიცხე მაშინვე.
ფასი
ფასი ლაშქრობის გვერდზე ერთ ადგილზე წერია, ლარში. ორი ან მეტი ადგილისთვის ჯამს ფორმა თავად დაითვლის.
თუ შენ გეგმა შეგეცვალა
- თუ ლაშქრობამდე სულ მცირე 3 დღით ადრე გააუქმებ, თანხას სრულად დაგიბრუნებთ. მაგალითად, შაბათის ლაშქრობისთვის — ოთხშაბათის ჩათვლით.
- თუ ლაშქრობამდე 3 დღეზე ნაკლები რჩება, თანხა აღარ ბრუნდება. სამაგიეროდ ადგილი შეგიძლია მეგობარს გადასცე — წინასწარ მოგვწერე მისი სახელი და ტელეფონი.
- გასაუქმებლად მოგვწერე WhatsApp-ზე ან დაგვირეკე ნომერზე +995 557 19 61 35 და მიუთითე ჯავშნის ნომერი.
თუ ლაშქრობას ჩვენ გავაუქმებთ
ზოგჯერ ლაშქრობას ვაუქმებთ ან გადავდებთ — ცუდი ამინდის, ბილიკზე საფრთხის ან ძალიან მცირე ჯგუფის გამო. ასეთ დროს წინასწარ მოგწერთ, შენ კი აირჩევ: თანხას სრულად დაგიბრუნებთ, ან ადგილს სხვა ლაშქრობაზე გადაგიტანთ.
ვის შეუძლია წამოსვლა
სადაქალოს ლაშქრობები ქალებისთვისაა, 18 წლიდან. ჯგუფში მაქსიმუმ 20 ქალია, თუ ლაშქრობის გვერდზე სხვა რიცხვი არ წერია.
ფორმაში ადასტურებ, რომ ჯანმრთელობა ამ მარშრუტის გავლის საშუალებას გაძლევს. სირთულე, მანძილი და აღმართი ლაშქრობის გვერდზე წერია — არჩევამდე წაიკითხე. თუ რამე გაწუხებს, ჯერ მოგვწერე და ერთად გადავწყვიტოთ.
ფოტოები და ვიდეოები
ლაშქრობაზე ფოტოებსა და ვიდეოებს ვიღებთ. ფორმაში შენ თავად მონიშნავ, თანახმა ხარ თუ არა, რომ მათში მოხვდე. თუ არ მონიშნავ, ფოტოს, სადაც შენი სახე ჩანს, არ გამოვაქვეყნებთ.
პირადი მონაცემები
ფორმაში მითითებულ სახელს, ტელეფონსა და ელფოსტას ვიყენებთ ჯავშნისთვის და შენთან დასაკავშირებლად. დეტალურად წერია კონფიდენციალურობის გვერდზე.